კონფერენციის შესახებ

საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია

 

კონფერენცია მიზნად ისახავს ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას, ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცნობასა და გაზიარებას მასწავლებლებს, ექსპერტებს, უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შორის.

 

კონფერენციის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ - მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, IT მენეჯერები, სკოლის ინფორმაციული მენეჯერები, ისტ ტრენერები, ისტ კომპანიები, საერთაშორისო ორგანიზაციები, აკადემიური წრის წარმომადგენლები, ისტ და განათლების ექსპერტები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლები.

 

საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციაზე მოხსენებები ხუთი თემატური მიმართულების ირგვლივ იქნება ორგანიზებული:

  • სწავლა-სწავლება ციფრულ ეპოქაში - მიმართულება მოიცავს ტენოლოგიების სასწავლო გარემოში ინტეგრირების ნებისმიერ ასპექტს, ინოვაციურ მიდგომებს, მიმდინარე ტენდენციებს, სწავლა-სწავლებაში ტექნოლოგიების გამოყენების საუკეთესო გამოცდილების მაგალითებს, ისტ სტანდარტების ინტეგრირებისა და სკოლაში ისტ-ის დანერგვის სტრატეგიებს და ა.შ.
  • პროფესიული განვითარება - მოიცავს მასწავლებლების, სკოლის ადმინისტრაციისა თუ საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებული სხვა პირების უნარების განვითარებას, ციფრული ეპოქის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველსაყოფად.
  • მენეჯმენტი და ლიდერობა ისტ-ის დახმარებით - მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამებში ტექნოლოგიების როლის შესახებ ხედვის ჩამოყალიბებასა და განვითარებას სხვადასხვა დონეზე; საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვას, შეფასებასა და პერსონალის ხელშეწყობას ისტ-ის დახმარებით.
  • კვლევები სწავლა-სწავლებაში ისტ-ის გამოყენებაზე - მოიცავს კვლევებს საგანმანათლებლო სივრცეში ტექნოლოგიების ინტეგრირების შესახებ.
  • ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა - მოიცავს იმ ტექნოლოგიების, რესურსებისა და სტრატეგიების გაცნობას, რომელიც საჭიროა ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, ეფექტური სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვისა და ადმინისტრირებისთვის.

 

თემატური მიმართულებების ქვეშ სესიები შემდეგ თემებად დაკონკრეტდება:

  • 1:1 ელ-სწავლების სტრატეგია და იმპლემენტაცია
  • შეფასება ტექნოლოგიების გამოყენებით
  • გამოთვლები ღრუბლებში (Cloud Computing)
  • ელექტრონული ინსტრუმენტები/რესურსები
  • დიფერენცირებული სწავლება
  • ციფრული ერის შესაბამისი სკოლის დიზაინი/დაგეგმარება
  • დისტანციური, ონლაინ და შერეული სწავლება
  • საგანმანათლებლო პოლიტიკა და ხედვა
  • თანამედროვე ტენდენციები ტექნოლოგიებში
  • თამაშები და სიმულაციები
  • ინოვაციური სასწავლო გარემო
  • სწავლების დიზაინი და მიწოდების ფორმები
  • წიგნიერება ციფრულ ერაში
  • მობილურით სწავლება
  • ღია კოდის საგანმანათლებლო რესურსები
  • ინდივიდუალიზებული სწავლება
  • პროფესიული განვითარება
  • პროგრამირება და რობოტები
  • სტანდარტები
  • მულტიმედია რესურსები

 

კონფერენციის აქტივობები მრავალფეროვანი ფორმატით იქნება ორგანიზებული:

 

  • პლენარული მოხსენებები - კონფერენციის ყველა მონაწილე ერთ სივრცეში მოიყრის თავს საერთაშორისო და ადგილობრივი მოწვეული ექსპერტების მოსასმენად, რომლებიც აუდიტორიას საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ყველაზე მნიშვნელოვან თემებს და შინაარს გაუზიარებენ.
  • პარალელური სესიები- მონაწილეები გადანაწილდებიან სხვადასხვა სესიებზე და მოისმენენ მოხსენებებს საგანმანათლებლო ტექნოლოგიებისა და მათი სასწავლო პროცესში გამოყენების შესახებ;
  • პოსტერების სესია - პოსტერების სესია სპეციალურად გამოყოფილ საგამოფენო დარბაზში გაიმართება. პოსტერის ავტორი სკოლის ან ცალკეული მასწავლებლისა თუ წარმატებული პროექტის შესახებ წარმოადგენს ინფორმაციას. პოსტერების სესია საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გამოვლენას და გაზიარებას ისახავს მიზნად. სესიაზე ავტორს მონაწილეებთან პირისპირ ან მცირე ჯგუფებში ინტერაქციის შესაძლებლობა ექნება.
  • ტექნოლოგიების გამოფენა- კომპანიები, ერთი მხრივ წარმოადგენენ შესაძლებლობლობებს, რასაც ტექნოლოგიები განათლების სფეროს სთავაზობს, მეორე მხრივ კი ისინი მიიღებენ უკუკავშირს სკოლის საჭიროებების შესახებ. გამოფენაზე ორგანიზებული იქნება პრაქტიკული აქტივობები დაინტერესებული პირებისთვის კონკრეტული ტექნოლოგიის გასაცნობად.
  • დაჯილოდვება -კონფერენციის  მეორე დღეს დღის ბოლოს გაიმართება გალა ვახშამი, სადაც, მონაწილენი დაჯილდოვდებიან პრიზებით. საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციის ფარგლებში ტარდება სხვადასხვა კონკურსები, რომლის გამარჯვებულებიც და ასევე კონფერენციის საუკეთესო მოხსენების და პოსტერის ავტორი მასწავლებლები ჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით. კონფერენციას პრიზებით უზრუნველყოფს, როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ასევე სპონსორი ორგანიზაციები.

 

 

შედეგები:

  • მასწავლებლები განავითარებენ ახალ სტრატეგიებს თუ როგორ გამოიყენონ ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში და უზრუნველყონ აქტიური სასწავლო გარემო;
  • სკოლის ხელმძღვანელები ინფორმაციას მიიღებენ, როგორ შეიძლება მოსწავლეების სასწავლო შედეგების გაუმჯობესება ტექნოლოგიების საშუალებით, როგორ დანერგონ და ხელი შეუწყონ ციფრული კულტურის დამკვიდრებას სკოლაში;
  • ისტ მენეჯერები მიიღებენ ინფორმაციას სკოლის ისტ ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ;
  • უნივერსიტეტები მიიღებენ ინფორმაციას ციფრულ ერაში სწავლა-სწავლებისთვის საჭირო უნარების თაობაზე უახლესი მიმართულებებისა და ინიციატივების შესახებ;
  • მთავრობისა და ისტ ბიზნესის წარმომადგენლები მიიღებენ ინფორმაციას საკლასო დონეზე საჭიროებებისა და გამოწვევების, ისტ-ის საკლასო ოთხში გამოყენების უახლესი ტენდენციების, ტექნიკური ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიებისა და მოდელების შესახებ;
  • დაინტერესებული მხარეები საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებს გაუზიარებენ ერთმანეთს, დისკუსიაში ჩაერთვებიან, გამოცდილებას გაცვლიან და ახალ კონტაქტებს დაამყარებენ.

 

 

იხილეთ ინფორმაცია სიახლეების გამოწერის შესახებ

მიყევით ბმულს